საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2005 წელს შეიქმნა სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 400-მდე ქართველი სტუდენტის სწავლა საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
სასწავლო-სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ აღემატება 40 წელს. ამ პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, კანდიდატს წინასწარ ჰქონდეს მიღებული ჩარიცხვაზე თანხმობის წერილი დამტკიცებული უნივერსიტეტიდან შესაბამის სპეციალობაზე სასწავლებლად. უნივერსიტეტში საბუთების შეტანისა და მიღების პროცედურებს კანდიდატი დამოუკიდებლად აწარმოებს. უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილის მიღების შემდეგ კანდიდატი სამინისტროს ვებ-გვერდზე გადის რეგისტრაციას და ავსებს სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულ ვერსიას, არა უგვიანეს 2012 წლის 31 მაისისა. ყველა საჭირო საბუთის წარდგენის შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. საკონკურსო კომისიას ადგენს საქართველოს მთავრობა. დაფინანსების მიღებასა და თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აპლიკანტს მიეწოდება გასაუბრებიდან ორი კვირის ვადაში.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წინა წლებისგან განსხვავებით 2012-2013 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა მხოლოდ ინჟინერია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ზუსტი მეცნიერებები და არქიტექტურა.
როგორც წესი, სასწავლო-სამაგისტრო პროგრამისათვის პრიორიტეტული მიმართულებების სია შეირჩევა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში წლების განმავლობაში ფინანსდებოდა ის მიმართულებები, რა დარგშიც იყო კვალიფიციურ კადრთა ნაკლებობა.
წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და სტატისტიკურმა მონაცემებმა კი აჩვენა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სტუდენტთა 36% ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებაზე მოდის, 30% _ ბიზნესის ადმინისტრირებაზე, 31% კი _ სამართალზე. ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ზუსტი მეცნიერებების მიმართულებაზე ჩამბარებელ კანდიდატთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე მცირდებოდა და საერთო ჯამში მხოლოდ 3% შეადგინა.
სწორედ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებისა და ამ დარგში კვალიფიციური კადრების სიმცირემ განაპირობა ის გარემოება, რომ ეს მიმართულება გამოცხადდა 2012-2013 წლის სასწავლო-სამაგისტრო პროგრამის პრიორიტეტულ მიმართულებად.
კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო საბუთების სია:
• პირადი ინფორმაცია;
• განათლება;
• დიპლომები;
• სამუშაო გამოცდილება;
• რეკომენდატორების რეკვიზიტები;
• მოტივაციის წერილი;
• მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]