შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საკონფერენციო გრანტების კონკურსს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს, კონგრესებს, ფორუმებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს დააფინანსებს. დასაფინანსებელი პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგად გამოვლინდება.
კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა, ქართველ მკვლევართა სამეცნიერო შედეგების უცხოელი კოლეგებისათვის გაცნობა და ამ გზით ქართველ მეცნიერთა მსოფლიო პროცესებში ინტეგრაცია.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და კერძო სამართლის არასამეწარმეო პირებს. ასევე აკადემიური ხარისხისა და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებს, რომელთა ღონისძიება დაგეგმილია 2012 წლის 17 აპრილიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
განაცხადები შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე 27 თებერვლიდან 31 მარტამდე ელექტრონულად მიიღება. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის 2012 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არა უგვიანეს 2012 წლის 3 აპრილის 18.00 საათისა.
კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ სამეცნიერო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 30 000 ლარით დააფინანსებს.
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის, სულხან სისაურის განცხადებით, საკონფერენციო გრანტების კონკურსი ხელს უწყობს ქართველი მეცნიერების ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის გაღრმავებას, მათ შორის ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.
ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]