Turnitin Feedback Studio ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში წერით ნაშრომებში მსგავსების დასადგენად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Turnitin ინტეგრირებულია სწავლების მართვის პლატფორმაში. სტუდენტის მიერ ატვირთული ნაშრომი ავტომატურად მოწმდება Turnitin-ის მონაცემთა ბაზებთან, რომლებიც მოიცავს ინტერნეტში ხელმისაწვდომ წყაროებს, აკადემიურ პუბლიკაციებსა და საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებს, ასევე სტუდენტური ნაშრომების გლობალურ არქივს. სისტემის მიერ გენერირებული მსგავსების ანგარიში (Similarity Report) ასახავს ტექსტში აღმოჩენილ მსგავსებებს და მიუთითებს შესაბამის წყაროებზე, რაც კურსის ხელმძღვანელს ეხმარება ნაშრომის შეფასებისას.
სისტემა ხელს უწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვასა და სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას. Turnitin-ის საშუალებით ლექტორებს შეუძლიათ შეამოწმონ წარმოდგენილი ნაშრომები ტექსტობრივ მსგავსებაზე, ამასთან, Turnitin Feedback Studio სტუდენტებს სთავაზობს განვითარებაზე ორიენტირებულ ფუნქციონალს, დეტალურ წერილობით უკუკავშირს, შეფასების რუბრიკებსა და კომენტარებს, რაც მათ ეხმარება აკადემიური წერის უნარების გაუმჯობესებაში, წყაროების სწორად გამოყენებასა და საკუთარი ნამუშევრების ხარისხის გააზრებაში. Turnitin-ის გამოყენებასთან დაკავშირებული კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე elearning@iliauni.edu.ge